12/02/2021- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია , „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონისთვის ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბაკურციხისა და ჩალაუბნის მოსახლეობას შეხვდა.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის სტატუსის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, შერჩეული სავარაუდო ტერიტორიების შესახებ დისკუსიის გამართვა და შესაბამისად, მათი მოსაზრებების და შენიშვნების მოსმენა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, მიწოდებული ინფორმაცია მოიცავდა: რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის 3 პოტენციური განთავსების ადგილის, ტერიტორიის შერჩევის, ევროპული სტანდარტით ასაშენებელი ობიექტის აღწერის და მისი ოპერირების, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების, არსებული ნაგავსაყრელების დახურვის და ზოგადად, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით, რეგიონში არსებული საერთო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საკითხებს . შეხვედრაში მონაწილეებს პროექტის პრეზენტაცია და საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს პროექტს „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II- კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში“. პროექტი ითვალისწინებს კახეთში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით აღჭურვა. ნარჩენების განთავსების ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რეგიონში ძველი არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები, სტანდარტების შესაბამისად, ეტაპობრივად დაიხურება.
პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი და რეგიონში არსებული საერთო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისთვის.