ინტერვიუები პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან
წინასიტყვაობა
რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი მოიცავს ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის მუნიციპალიტეტების ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, კომპანიისა და მუნიციპალიტეტების ინსტიტუციურ განვითარებას, შეგროვებული ნარჩენების ტრანპორტირების სისტემის მოწყობასა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ინტერვიუების სერია სხვადასხვა პერსპექტივით გვაჩვენებს პროექტის მიმდინარეობას, გამოწვევებს, მიღწევებსა და საჭიროებებს..
- გიორგი შუხოშვილი, შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი, გვიზიარებს საკუთარ ხედვას იმაზე, თუ რატომ არის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება რეგიონების მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ინტერვიუში იგი ხაზს უსვამს არასახიფათო ნარჩენების მართვის ახალი სისტემის მნიშვნელობას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების აქტიურ ჩართულობაზე. პროექტის მიზანია ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ნარჩენების მართვის სფეროში მომსახურების ხარისხის ზრდა, რაც საბოლოოდ ქმნის მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს რეგიონში.
- რონი კვაჭაძე, პროექტის ადგილობრივი ექსპერტი, თავის პროფესიულ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს იმაზე, თუ რატომ არის ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა გადამწყვეტი ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი განვითარებისათვის საქართველოში. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც უშუალოდ ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას უკავშირდება, იქნება ეს არსებული ნაგავსაყრელების უსაფრთხოების საკითხი, ტექნიკური რესურსების დეფიციტი, თუ ფინანსური კუთხით გაცემული რეკომენდაციები და რჩევები. რონი კვაჭაძე დეტალურად აღწერს, როგორ ხდება ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ტექნიკური დახმარება და პროფესიული უნარების გავითარებაში მხარდაჭერა, რაც მუნიციპალიტეტებს საშუალებას აძლევს, მომავალში დამოუკიდებლად და ეფექტიანად შეძლონ ნარჩენების მართვა. ეს ინტერვიუ ნათლად გვაჩვენებს, როგორ იქცა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტი წარმატებულ და მისაბაძ მაგალითად, რომელიც რეალურ საფუძველს ქმნის ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის.
- რიკარდო ჰური, პროექტის საერთაშორისო ექსპერტი, დეტალურად გვიამბობს, თუ როგორ ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ნარჩენების განთავსების უჯრდისმრავალშრიანი საიზოლაციო დამცავი ფენა, გამონაჟონი წყლის გამწმენდი სისტემა, ნარჩენებისგან ენერგიის წარმოების შესაძლებლობა და ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. რიკარდო ჰური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც მათ ადგილობრივი პროფესიონალი გუნდი მართავს დაუზრუნველყოფილია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაციასა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობასა და წარმატებას. ბატონი რიკარდო ჰოური განმარტავს, რომ ამგვარი კომპლექსური მიდგომა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის წარმატებით გადმოტანისა და გრძელვადიანი ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის შექმნის საფუძველია, რაც სამომავლოდ მისაბაძ მოდელად იქცევა ქვეყნის სხვა რეგიონებისთვისაც.
- ნუგზარ მალაშხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, დეტალურად წარმოაჩენს ზუგდიდში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პროექტის ფარგლებში დანერგილ და დაგეგმილ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. ინტერვიუში ყურადღება გამახვილებულია წლების განმავლობაში არსებულ ძირითად პრობლემებზე, როგორიცაა საჭირო ინფრასტრუქტურისა, და ტექნიკური აღჭურვილობის სიმცირე. ასევე, იმაზე, თუ როგორ უპასუხა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-მა აღნიშნულ გამოწვევებს თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ახალი ტექნიკისა და ეფექტიანი სერვისების დანერგვით. ბატონი ნუგზარ მალაშხია აღწერს, როგორ გაიზარდა დასუფთავების სერვისის ხელმისაწვდომობა და ხარისხი როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, და რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტს, სადაც ადგილობრივი საზოგადოების მაღალი აქტიურობა წარმატების მთავარ საწინდრად იქცა. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ერთობლიობით, შესაძლებელია ნარჩენების მართვის სტანდარტების გაუმჯობესება, სუფთა გარემოს შექმნა და სხვა რეგიონებისთვის მისაბაძი მოდელის ჩამოყალიბება.
- ნონა ესებუა, ადგილობრივი მოქალაქე და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მონიტორინგის კომიტეტის წევრი, საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასა და ინფორმირებულობაზე პროექტის პირველივე ეტაპებიდან, როგორებიცაა: სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება, საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვებში ჩართვა. როგორც ერთ-ერთი ინიციატორი, აღნიშნავს, რომ მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული საინვესტიციო ღონიძიებების, კერძოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მნიშნელოვანი და სასიკეთო პროექტების შერჩევის პროცესში. მისი გადმოცემით, პროექტის ფარგლებში ტექნიკურმა მხარდაჭერამ ნარჩენების შეგროვების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ,
ინტერვიუების სერიის მიზანია, მკითხველს დაანახოს, რა გავლენა აქვს პროექტს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში, როგორ ინერგება საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეული დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.