წერილობითი ინტერვიუ #1 სამეგრელო-ზემო სვანეთის არასახიფათო ნარჩენების განთავსების პროექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის
რესპოდენტი: გიორგი შუხოშვილი / საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი
რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტებისა და კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობით, ინსტიტუციურ განვითარებას, შეგროვებული ნარჩენების ტრანპორტირების სისტემის მოწყობასა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ინტერვიუების სერია სხვადასხვა პერსპექტივით გვაჩვენებს პროექტის მიმდინარეობას, გამოწვევებს, მიღწევებსა და საჭიროებებს.
გიორგი შუხოშვილი, შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი, გვიზიარებს საკუთარ ხედვას იმაზე, თუ რატომ არის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება რეგიონების მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
რა როლი აქვს შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ნარჩენების მართვის სფეროში და რა პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში?
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიზანია რეგიონებში ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რაც მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას და არსებული ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას. შედეგად, რეგიონებში გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი და სოციალური მდგომარეობა. სწორედ ასეთი თანამედროვე სისტემის დანერგვას ემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები, მუნიციპალიტეტი აღიჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით. ამასთან ერთად, მიმდინარე წელს დაიწყება ნარჩენების გადამტვითავი 2 სადგურის მშენებლობა და ობიექტის მოწყობის შემდეგ, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ზუგდიდისა და ფოთის არსებული ნაგავსაყრელები.
რას გულისხმობს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი და რას მოიცავს ზემოხსენებული თანამედროვე სტანდარტები?
ზუგდიდის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მეშვეობით, მოემსახურება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას.
ახალი ობიექტი მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსებას. კერძოდ, ნარჩენების განთავსების უჯრედის ფსკერზე მოეწყობა მრავალშრიანი საიზოლაციო ფენა, ობიექტი აღჭურვილი იქნება გამონაჟონი წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “უკუ ოსმოსის” სისტემით, ნარჩენებიდან წარმოქმნილი აირების შემკრები და გადამამუშავებელი სისტემით, ტექნიკური აღჭურვილობის ფარეხითა და სახელოსნოთი, ნარჩენების სატვირთო მანქანების საბურავების საწმენდი დანადგარით, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებით, ხიდური სასწორით და სხვა. ასევე ობიექტი აღჭურვილი იქნება ნარჩენების დამუშავების თანამედროვე ტექნიკით.
ყველა აღნიშნული კომპონენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, მართვის უზრუნველსაყოფად.
როგორ უზრუნველყოფს კომპანია ახალი ობიექტის მდგრად მართვას გრძელვადიან პერიოდში?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ნარჩენების განთავსების ობიექტი, გამართული ოპერირების პირობებში, უზრუნველყოფს ნიადაგის, მიწისქვეშა წყლებისა და ჰაერის დაცვას დაბინძურებისგან.
ნარჩენების განთავსების უჯრედის ქვედა საიზოლაციო ფენა და გამონაჟონი წყლის მართვის სისტემა იცავს ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან. აირების მართვის სისტემა უზრუნველყოფს ნარჩენებისგან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევისგან დაცვას. უსიამოვნო სუნის გავრცელების თავიდან არიდებისა და ნარჩენების მცირე ფრაქციების გაფანტვის პრევენციის მიზნით, ნარჩენები ყოველდღიურად დაკომპაქტირდება და გადაიფარება საიზოლაციო ფენით. ასევე, გამონაჟონის გამწმენდი და გაზის შემკრები სისტემის სტანდარტების შესაბამისად მართვის მიზნით, თანამშომლები გადამზადდებიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული “მონიტორინგის კომიტეტის” მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ ობიექტის ოპერირების სტანდარტებს.
რამდენად არიან ჩართული პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები?
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის შერჩევის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებების ეტაპებზე.
გასათვალისწინებელია, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა მოიცავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშნელოვანწილად არის დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობებისა და უშუალოდ ამ სფეროში დასაქმებული პირების აქტიურ თანამშრომლობასა და მზადყოფნაზე. ამის ნათელი მაგალითია მუყაოსა და ქაღალდის სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტი, რომელიც კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით წარმატებით მიმდინარეობს.
“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ადამიანის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პარტნიორ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე აღნიშნული პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა.
- დეტალური ინფორმაცია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტის შესახებ: https://waste.gov.ge/ka/?page_id=6299
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს “შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივი პარტნიორები: Saunders Group და GEO) და Fichtner-ის (ბერძნულ კომპანია Paseco და ადგილობრივი პარტნიორი PMCG) დახმარებით.
#SWMCG