კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

23/09/2019- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  პროექტის განმახორციელებელ და დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith, ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტად კომპანია Fichtner შეირჩა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას რეგიონული ფილიალების ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან.

„კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტი მოიცავს ორი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი  რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და  რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური  პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელების მშენებლობა 2021-2023 წლებში არის დაგეგმილი.

2019-11-04T08:52:04+00:00