ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი – სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა სამეგრელოში

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი – სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა სამეგრელოში

24/06/2020 – დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვსა და დიდი ნეძში, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზება განხორციელდა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და პროგრამის განმახორციელებელი გუნდის ორგანიზებით. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, დაესწრნენ.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.

2020 წლის 30 ივნისამდე, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

ინფორმაცია პროექტისა და სკოპინგის ანგარიშის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე

ინფორმაცია პროექტის შესახებ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების გზით. მათ შორის, ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ევროკავშირის სტანდარტები). პროექტი ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მოწყობას.

არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარემო  და  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.  პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ნარჩენების შესაგროვებელი ახალი აღჭურვილობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის  დასუფთავების სისტემას რეგიონში და გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის  დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს  როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს. პროგრამის განმახორციელებელ გუნდს წარმოადგენენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: PMCG და Paseco).

 

2020-06-24T14:31:49+00:00