12/11/2024 – “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის” ფარგლებში, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” წარმომადგენლებმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი მოინახულეს.
ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
ვიზიტის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ახალი ობიექტის სტანდარტებს, ტექნოლოგიებს და შემდგომი ოპერირების წესებს, რომლებიც გათვალისწინებულია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ და დეტალური პასუხები მიეღოთ ექსპერტებისგან.
ელეონორა გურჩიანი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს წარმომადგენელი. ააიპ სათემო ფონდო კოდორი 2013-ის ხელმძღვანელი:
“პროექტით ძალიან დაინტერესებული ვარ, არაერთხელ დავესწარი შეხვედრებს და მოვისმინე ინფორმაცია. ჩემი ერთ-ერთი ინიციატივაც იყო, რომ მსგავსი უკვე აშენებული ობიექტი გვენახა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, არ მოველოდი, რომ ასეთი სურათი დამხვდებოდა, ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც მსგავსი ობიექტი აშენდება”.
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოემსახურება თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ობიექტის მოწყობისა და აღჭურვის შედეგად, რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.