ქვემო ქართლის რეგიონს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი მოემსახურება

ქვემო ქართლის რეგიონს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს(EBRD) შორის, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, საპროექტო ხელშეკრულება გაფორდა. დღესვე სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო სესხისა და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და EBRD დირექტორმა -სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრო. საპროექტო ხელშეკრულება კი EBRDრეგიონული განვითარების დირექტორმა- ბრუნო ბალვანერამ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმაგიორგი შუხოშვილმა გააფორმეს.

პროექტი, რომლის ღირებულება 10 მლნ ევროა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული თანხიდან 3 მლნ ევრო SIDA-ს მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო 7 მლნ ევრო EBRD-ის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სესხი.

ხელშეკრულება ქვემო ქართლში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ითვალისწინებს, რომელიც მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ახალი ნაგავსაყრელი 2015-2018 წლებში აშენდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხურება რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები. პროექტი ასევე გულისხმობს მანქანა-დანადგარების, კონტეინერებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენას.  ამასთან განხორციელდება ღონისძიებები კომპანიისა და პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

2015-05-12T12:27:14+00:00