ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი გახსნეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ახალციხის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი კომპანიას საკუთრებაში 2013 წლის 10 ივლისს გადაეცა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს „ალიანსმა“ გაიმარჯვა. დღეისათვის ნაგავსაყრელზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: შემოიღობა ტერიტორია და განთავსდა სადარაჯო ჯიხური, სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალვევი ნიშანი; მომზადდა ფუნდამენტი და დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული; განხორციელდა არსებული ციცაბო ფერდობის დახრის კორექტირება უსაფრთხო ქანობამდე და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდის სტაბილიზაცია; ტერიტორიაზე მოეწყო სტიქიური წყლის ნაკადისგან დამცავი ღრმული (ტრანშეა); თიხოვანი გრუნტით მოეწყო საიზოლაციო ფენა, რომელიც სატკეპნების მეშვეობით დაიტკეპნება; პოლიგონზე განთავსდა, ასევე, თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შემდგომში შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. ამასთან, პერმანენტულად, შრეობრივად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით.

2014-01-02T22:32:52+00:00