თელავის განახლებული ნაგავსაყრელის დათვალიერება

თელავის განახლებული ნაგავსაყრელის დათვალიერება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა თელავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. თელავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდა. ნაგავსაყრელზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.  მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები არიან.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ახალ კანონპროექტზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. „ნარჩენების მართვის კოდექსის” მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას და ასევე ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას. კანონპროექტი ევროკავშირის ხელშეწყობით, ნარჩენების მართვის Twinning-ის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. გაიმართა კანონპროექტის რამდენიმე საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობა სამინისტროს, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.  აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში წლების მანძილზე არ არსებობდა ნარჩენების მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.
„ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა წარმოადგენს.
2014-04-06T15:35:33+00:00