დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა,გიორგი შუხოშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე იოსებაშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,ნოდარ მიქიაშვილმა და ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ, ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოები დაათვალიერეს.
ქუთაისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. პოლიგონი ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ, 150962,28 კვ/მ- ფართობზეა განთავსებული.
წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით ნაგავსაყრელი არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ ნაგავსაყრელი არ იყო შემოღობილი, რაც იწვევდა ნარჩენების მთელს პერიმეტრზე გაფანტვას. პოლიგონზე თავისუფლად გადაადგილდებოდა შინაური პირუტყვი და იკვებებოდა ნარჩენებით. დაბინძურებული იყო ტერიტორიის შიგნით არსებული საირიგაციო არხი, ასევე,რიონის მხრიდან ხდებოდა ნარჩენების ჩადინება მდინარეში.
ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები, განთავსდა სამეთვალყურეო გამშვები ჯიხური, გაკეთდა მანქანა-მექანიზმების ფარდული; დამონტაჟდა მძიმეწონიანი მანქანის სასწორი. ტერიტორიაზე დამონტაჟდა სახანძრო ფარი, რენდერები და ამკრძალავი ნიშნები. პოლიგონის ირგვლივ მოეწყო წყალარინების არხები, მიმდინარეობს პოლიგონის თიხნარი მიწით მომარაგება ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პერიოდში ნარჩენების გადასაფარად. მდინარერიონის მხრიდან დასრულების ფაზაშია ნაპირსამაგრი სამუშაოები.
განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, ნარჩენები განთავსდება სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
დღეისათვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტების შერჩევა, რომლებმაც უნდა შეიმუშავონ ნაგავსაყრელის პროექტი და დიზაინი. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა განხორციელდება 2014-2017 წწ, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.