ფოთში ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ნარჩენების მართვის ექსპერტებთან ერთად, ქალაქ ფოთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე შეყვანილია ნარჩენების გადასაადგილებელი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები; ადგილზე უკვე დამონტაჟებულია გამშვები ჯიხური, დანიშნულია ოპერატორები; ნაგავსაყრელის კეთილმოსაწყობად, ქალაქ ფოთში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგადაც, პოლიგონის კეთილმოწყობასა და სამშენებლო სამონტაჟო-სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. ტენდერით გათვალისწინებულია: ნაგავსაყრელის ტერიტორიის ზედაპირის პროფილის ფორმირება, მისი თიხნარი საიზოლაციო ფენით გადაფარვა, შიდა გზების მოწყობა, თიხნარი გრუნტის მარაგის კავალიერების სახით დასაწყობება, ნაგავსაყრელზე საკონტროლო-გამშვები ჯიხურის განთავსება, სანიაღვრე წყალარინების სისტემების, სანიტარული სანკვანძისა და უსაფრთხოების ფარის მოწყობა, ტერიტორიის შემოღობვა, ამკრძალავი მაჩვენებლების დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდინარე რიონი, რომელიც ჭარბი ატმოსფერული ნალექებისას სწრაფად დიდდება და პოლიგონის ტერიტორიის ნაწილის დატბორვის საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ნაპირზე სპეციალური დამცავი ფერდი მოეწყობა. ჩამოთვლილი სამუშაოების განხორციელების შედეგად, შესაძლებეი გახდება ნაგავსაყრელის ეფექტური ექსპლუატაცია. ფოთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას კი, მართველობაში ამა წლის 17 ივნისს გადაეცა.

2014-06-26T16:47:24+00:00