დუშეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება  დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
დუშეთში არსებული ნაგავსაყრელი 1940 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში გასულ წელს გადაეცა. 74 წლიანი მუშაობის პერიოდში პოლიგონი სტანდარტების დაცვის გარეშე ოპერირებდა. წლების მანძილზე ნაგავსაყრელზე არაორგანიზებულად ხდებოდა ნარჩენების შეტანა. არასასიამოვნო სუნი და პოლიგონზე არსებული მდგომარეობა დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასაც.
  კომპანიის მიერ, 15000 მ²-მდე ფართობზე მოეწყო მისასვლელი გზა, წყალარინების არხები, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია,  განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.  განახლებული პოლიგონის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ნარჩენების განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში მოხდება, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 2 წლის განმავლობაში მოეწყო 8 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი და წლის ბოლომდე კიდევ 11 ობიექტი შევა ექსპლოატაციაში.
2014-11-21T18:13:04+00:00