ხაშურის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ხაშურის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობი 75312.44 კვადრატული მეტრია, 1982 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 167 მ³ მოცულობის ნარჩენებით ივსება. ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. იმ დროისთვის ის არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, მასზე არც შესაბამისი კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” პოლიგონზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში ნაგავსაყრელი სრულად კეთილმოეწყო. იზოლირება გაუკეთდა ნაგავსაყრელის ტერიტორიას, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. დღეისათვის ობიექტი მთლიანად ელექტროფიცირებულია. განახლებული პოლიგონი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

პროექტის ღირებულებამ 713 940 ლარი შეადგინა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 15 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 13 ადგილობრივი.

2015-02-17T10:24:30+00:00