თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ ჩუბინიძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან, თეიმურაზ ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
თერჯოლის ნაგავსაყრელი 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ფართობი 42639.50 მ²–ს შეადგენს და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენი თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.
თერჯოლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი შპს„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადმოეცა. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. დამონტაჟდა 60 ტონიანი სამანქანე სასწორი.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი,რომლის ღირებულებამ 275 587 ლარი შეადგინა დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ალფა-ალიანსი“. სამუშაოზებზე 41 ადმიანი იყო დასაქმებული,მათგან 34 ადგილობრივი მოსახლე.