ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი  2011 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ფართობი შეადგენს  7269.82 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე  დაახლოებით 11.6 მ³ ნარჩენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.

ნინოწმინდის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წლის 14 ივნისს გადმოეცა. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად,  ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, პოლიგონზე არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა. ნაგავსაყრელის ტერიტორია არ იყო შემოღობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. პოლიგონის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება (დამონტაჟდა მზის ფოტო-ელექტრონული სისტემა), ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ  317 596 ლარი შეადგინა.

2015-07-16T08:31:24+00:00