ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები დასრულდა

04/05/2016 –      ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.

ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდ.ყვირილას მხრიდან მოეწყო ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

ზესტაფონის ნაგავსაყრელის ტერიტორია 32 190.00 კვადრატული მეტრია. აღნიშნული პოლიგონი შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“   2013  წელს გადმოეცა. ამ დროისთვის, ქ.ზესტაფონის ნარჩენს  თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.

ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.

2016-05-04T07:13:44+00:00