28/09/2021 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტებზე შემოსული ნარჩენების რეგისტრაციის პროცესის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კერძოდ მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის (MIS) დანერგვა დაიწყო. ახალი სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს მიღებული ნარჩენები უფრო ეფექტურად აღრიცხოს.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდოს გაუმჯობესებული ყოვლისმომცველი მონაცემები, როგორც ცალკეული ნაგავმზიდების მიერ შემოტანილი ნარჩენების, ისე საერთო და სეზონურად მიღებული ნარჩენის რაოდენობებისა თუ სახეობის შესახებ.
მომავალში, პროგრამა ხელს შეუწყობს დეტალურ ანალიზზე დაყრდნობით, სამომავლო ნარჩენების რაოდენობის პროგნოზირებას.
პროგრამის მოწოდებასა და დანერგვას უზრნუველყოფს Weightron Bilanciai Ltd UK, Bilanciai group-ის წევრი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ამ სფეროში ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.
მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამა ინერგება „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში, გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვას, კერძოდ, არსებული ნაგავსაყრელების დახურვას და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტით ჩანაცვლებას. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას და მუნიციპალიტეტების ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკით აღჭურვას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.