17/02/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვედებარებაში არსებულმა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული ახალი მიდგომის “ინფორმირება-მოწვევა-ჩართვის” ფარგლებში, კახეთის რეგიონისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი, წინასწარი კვლევების შედეგად შერჩეული, სავარაუდო ადგილმდებარეობების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარად, მოსახლეობას საშუალება ექნება თითოეულ ეტაპზე გამოხატოს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც პროექტის განხორციელების პროცესში გათვალისწინებული იქნება.
პრეზენტაციის მსვლელობისას მოსახლეობის მხრიდან კარგი ინტერაქცია იყო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების განსაკუთრებით ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ბევრი საინტერესო შეკითხვა და იდეა გაახმოვანეს. მხარეებმა ასევე მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კომპანიის თანამშრომლები და პროექტის დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კონსორციუმის წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გულისხმობს, კახეთის რეგიონისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, არსებული (ძველი) ნაგავსაყრელების დახურვასა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.