გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით ზუგდიდში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით ზუგდიდში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება

22/03/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით (სესხისა და გრანტის ოდენობა შეადგენს 32 მლნ ევროს). პროექტი მოიცავს ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.

ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელი და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა ლიდია კლისმანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს ოფისის დირექტორმა ბრიგიტ ჰოლდერაიდმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ დაათვალიერეს.

დაგეგმილი ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო კონცეფცია სტუმრებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გააცნო. პროექტის ფარგლებში, რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი, მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის გზით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები არიან CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო).

2022-03-25T11:02:23+00:00