წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი:EU, KfW)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი:EU, KfW)

03/06/2022 – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი, გენადი ბალანჩივაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა. ღონისძიებაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები აღრიცხული იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნის გაცემის პროცესში.

შეგახსენებთ რომ, პროექტი მოიცავს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტით გათვალისწინებულია, ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა, ქუთაისის მოქმედი ძველი (ნიკეას) ნაგავსაყრელის სტანდარტების შესაბამისად დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა.

არსებული (ნიკეას) ნაგავსაყრელის დახურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში  და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს. პროგრამის ღირებულება შეადგენს ჯამში 20 მლნ ევრო სესხის, 3.5 მლნ ევრო გრანტსა და 4 მლნ ევროს ადგილობრივ კონტრიბუციას. 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

2022-06-03T12:12:05+00:00