მცხეთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მცხეთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

პროექტის – “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები – ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა” – ფარგლებში, მცხეთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების მთავარი მიზანი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების ადგილმდებარეობების შერჩევის ტექნიკური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა იყო.

ამასთანავე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლება შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიდგომა, რომელიც ეფუძნება კონცეფციას „ინფორმირება-მოწვევა-ჩართულობა“ და შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია და უშუალოდ ჩაერთონ პროექტის განხორციელების პროცესში.

პროექტი ითვალისწინებს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა ხორციელება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით.

2023-07-03T10:07:45+00:00