შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ანგარიში

შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ანგარიში

15/08/2019 -შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წარმოგიდგენთ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებს.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2018 წელს დაიწყო შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სისტემის დანერგვა. სისტემის მთავარი მიზანი კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ 54 ნაგავსაყრელსა (რომელთა შორის 33 ნაგავსაყრელი ამ დრომდე ოპერირებს) და ნარჩენების 5 გადამტვირთავ სადგურზე თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების  რისკების შემცირებაა.

2018 წელს შიდა მონიტორინგი ჩაუტარდა კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტექნიკას და განისაზღვრა ყველა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამასთანავე, კომპანიის ინიციატივით, მოქმედ სამ ნაგავსაყრელზე და ნარჩენების ერთ გადამტვირთავ სადგურზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა, განახორციელეს ინსპექტირება და წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები, რაც კომპანიამ გაითვალისწინა და განახორციელა.

2018 წლის განმავლობაში, რეგიონების მასშტაბით, კომპანიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩატარდა ტრენინგები და დაიწერა სახელმძღვანელო დოკუმენტი.

რუსთავში ნარჩენების სორტირების საწარმოში დამონტაჟდა სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების სისტემა. ყველა მოქმედი ნაგავსაყრელისთვის კომპანიამ შეიძინა გაზის საზომი აპარატი, რომლითაც შესაძლებელია ემისიების კონტროლი. ასევე, არსებული სპეცტექნიკა აღიჭურვა სასიგნალო ციმციმა მოწყობილობებით.

ამასთანავე, შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო რისკების შესამცირებლად, განისაზღვრა 2019 წლის გეგმა და შემდგომი ნაბიჯები.

დეტალური ინფორმაციისათვის ჩამოტვირთეთ 2018 წლის შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ანგარიში.

 

 

2019-08-15T10:38:16+00:00