იმერეთში საჯარო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იმერეთში საჯარო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

29-30 ივლისს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო საინფორმაციო შეხვედრები გამართა. პროექტი მოიცავს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენებასა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას. აღნიშნულ რეგიონებში  ყველა არსებული ნაგავსაყრელი ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა, მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების კომენტარები.

საჯარო შეხვედრების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებებისა თუ საჭიროებების მოსმენა-გათვალისწინებაა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივების აქტიურობა ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში. ამისათვის, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ახალი მიდგომა „ინფორმირება – მოწვევა – ჩართვა“, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, სავარაუდო ადგილების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში უშალოდ იქნება ჩართული.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, იმერეთის მხარის რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, წყალტუბოს მერი, გრიგოლ იოსელიანი, ბაღდათის მერი, არჩილ გოგსაძე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

2021-07-30T15:27:54+00:00