ბოლნისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ბოლნისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.

ბოლნისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს 1978 წლიდან; მისი ფართობი შეადგენს 50316.34 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შედის დაახლოებით 15.6 მ³ ნარჩენი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან.

ბოლნისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 ივლისი გადმოეცა. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ტერიტორია არ იყო შემოღობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება (დამონტაჟდა მზის ფოტო-ელექტრონული სისტემა), ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.
ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ შეადგინა 317 600 ლარი. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავა.“ პროექტით დასაქმებული იყო 8 ადამიანი, აქედან 6 ადგილობრივი მოსახლე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა მიმდინარე წლის 19 მაისს.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2015-06-03T08:08:52+00:00