შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა და გადამტვირთი სადგური მოაწყო. შესრულებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ფართობი 13 305.00 მ²-ს შეადგენს. ყოველთვიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენი ურეკის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.
ურეკის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 13 იანვარსს გადმოეცა იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” , ურეკის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.
შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნარჩენების გადამზიდი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ურეკის გადამზიდი სადგურიდან მერიის ნაგავსაყრელზე.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისმა ღირებულებამ 226, 686 ლარი შეადგინა.