დავით ნარმანიამ ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

დავით ნარმანიამ ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის ორგანიზებით, ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვა მოეწყო. აღნიშნულ ღონისძიებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეკოლოგიური საფრთხეებისა და  მათი განეიტრალების სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ.განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფის პრობლემები, დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია და სხვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიები და გეგმა გააცნო. ასევე, ისაუბრა იმ  ღონისძიებებზე, რომელიც მყარი ნარჩენების მართვის კუთხით სამინისტრომ უკვე განახორციელა.

„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობაზე, რომელიც ჩვენს სამინისტროს ექვემდებარება და რეგიონებში არსებულ ნაგავსაყრელებს აწესრიგებს. კომპანიამ უკვე საკმაოდ ბევრის გაკეთება მოახერხა. დავიწყეთ 8 ძირითადი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწესრიგება, რომელთაგან რამდენიმე უკვე დასრულებულია, ხოლო რამდენიმე უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამის შემდეგ უკვე მუნიციპალური ნაგავსაყრელების მოწესრიგებას დავიწყებთ,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

2014-03-25T15:33:56+00:00