ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში KfW-ს ხელშეწყობით მოეწყობა

ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში KfW-ს ხელშეწყობით მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს.

გერმანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ევა ვიტმა და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არნე გუსმა.

დოკუმენტი გაფორმდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკსა და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

წინასწარი კვლევის საფუძველზე, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა აშენდეს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელები და დაიხუროს მოქმედი, ძველი ნაგავსაყრელები. პირველ ეტაპზე გამოყოფილი 800 ათასი ევროს მოცულობის გრანტით სწორედ პროექტის რეალიზებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაფინანსდება

2014-06-05T15:44:43+00:00