ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია

ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის ინიციატივით დაბა ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა.   აქციაში მონაწილეობა შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, გურიის გუბერნატორთან, გიორგი ჩხაიძესთან  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მიიღო.  ღონისძიებაში “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის”, გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. აქცია 27 აგვისტოს დაიწყო და  3 დღის განმავლობაში  გაგრძელდება.
საკმარისი სანაგვე ურნებისა და სანიტარული უბნების არარსებობის გამო, მოსახლეობა ნაგავს მდინარის კალაპოტში ყრიდა რის გამოც დღემდე ურეკი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე იდგა. პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდებოდა საზღვაო სეზონის პერიოდში, რადგან დამსვენებლები ხშირ შემთხვევაში, საკვებ ნარჩენებს სანაპირო ზოლზე ტოვებდნენ. ადგილობრივი დასუფთავების სამსახური ვერ ასწრებდა ზღვის სანაპიროზე განთავსებული ნაგვის ურნების დროულად დაცლას და ნარჩენების სანაპირო ზოლიდან გატანას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით,შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად ჩაერთო აღნიშული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში და დაბა ურეკი მომარაგდა დამატებითი ნაგვის ურნებით და  სპეციალური ნაგავმზიდი ტექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს საკურორტო ზონიდან ნარჩენების გატანას დღეში სამჯერ.
“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”  დაბა ურეკში არსებული ნაგავსაყრელის ევროსტანდარტების შესაბამისად კონსერვაციას გეგმავს. დანაგვიანების პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება   სანაპირო ზოლზე  საინფორმაციო ბანერებს განთავსებს და კონტროლს გაამკაცრებს.
2014-08-27T18:03:20+00:00