ქუთაისის აქამდე პრობლემურ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს, 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, კიპარისისა და ვერხვის ჯიშის 400 ძირი ხე დაირგო. ხეების ეს რიგი, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შეასრულებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ გადაწყვეტილებით გაშენდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ აქცით შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას – „მწვანე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 200 ათასი ძირი ხე დაირგო.
ძლიერი ქარის დროს, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელიდან ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიაზე იფანტებოდა, რაც ეკოლოგიურ და გარემო პირობებს აუარესებდა. ქარსაცავი ზოლის გაშენება ამ პრობლემას მოგვარებს. ამასთან, პოლიგონზე ხეების დარგვა ხელს შეუწყობს ქალაქის გამწვანების პროცესს, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.
გამწვანების აქციაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის მერის მოადგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კონსტანტინე მამისეიშვილმა.
შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინიციატივით, ქუთაისის პარალელურად, ხეების დარგვა ქალაქ თელავის ნაგავსაყრელზეც მიმდინარეობს.