დასუფთავების აქცია სოფელ მისაქციელში

დასუფთავების აქცია სოფელ მისაქციელში

თბილისის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით  არაგვის ხეობაში, კერძოდ კი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი – გიორგი შუხოშვილი, თავის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.
 გიორგი შუხოშვილის თქმით, უწყებას შესწავლილი აქვს მყარი ნარჩენების სტიქიური წარმოშობის კერები. „ამ აქციით მოვუწოდებთ მოსახლეობას, გონივრულად მოეპყრას და ნუ დააბინძურებს გარემოს. ასეთი აქციებით კი ხელს შევუწყობთ დაბინძურებული ადგილების გაჯანსაღებას“ – აცხადებს გიორგი შუხოშვილი.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ზურაბ აბესაძე, მცხეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოფ. მისაქციელის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები.
დასუფთავების დღევანდელი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ერთი მხრივ, უერთდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას – „საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან“, მეორე მხრივ კი, საზოგადოებასა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაბინძურებისგან დაიცვან არაგვის ხეობის ის ადგილები, საიდანაც თბილისი, მცხეთა და მათი შემოგარენი სასმელი წყლით მარაგდება.
სოფელი მისაქციელი ერთ-ერთი ადგილია არაგვის ხეობაში, რომელიც ჭოპორტ-მისაქციელის წყალსადენის სანიტარულ ზონას ესაზღვრება – აღნიშნული ობიექტიდან, ისევე როგორც საგურამოს, ბულაჩაურისა და ნატახტრის წყალსადენებიდან, სასმელი წყალი თბილისისა და მცხეთისკენ მიემართება. აქციის მონაწილეებმა სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენებისგან, პოლიეთილენის პაკეტებისგან, პლასტიკური ბოთლებისგან გაასუფთავეს და კასპის ნაგავსაყრელზე გადაიტანეს.
2014-11-10T18:11:28+00:00