სამტრედიაში პრობლემური ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარეობს

სამტრედიაში პრობლემური ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამტრედიაში მუნიციპიალური ნაგავსაყრელის მოწყობას ანხორციელებს. სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ზედამხედველობით ხორციელდება დღეს მინისტრმა, დავით შვლიაშვილმა, შპს”მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორის მოადგილემ, ანდრია დვალმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე იოსებაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.
სამტრედიის ნაგავსაყრელის მოწყობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რადგან ეს ობიექტი ოთხი მუნიციპალიტეტის – სამტრედიის, ვანის, ხონისა და აბაშის მოსახლეობას ემსახურება. პოლიგონის სანიტარიული მდგომარეობა წლების განმავლობაში იყო უკონტროლო და მძიმე. იგი ექსპლუატაციაში 1985 წელს შევიდა, იმ დროისთვის კი, როცა შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის გადაეცა, ვერანაირ სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმას ვეღარ აკმაყოფილებდა.
თავისი მდგომარეობით, ნაგავსაყრელი საშიშროებას უქმნიდა როგორც გარემოს, ისე – ადამიანების ჯანმრთელობას. ჭარბი ატმოსფერული ნალექისას, ადიდებული მდინარე რიონი პოლიგონის ტერიტორიის ნაწილზე გადმოდიოდა, გაფანტული ნარჩენები კი, დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს აბინძურებდა.
განახლებული პოლიგონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს. ამ წესების მიხედვით განისაზღვრება ნარჩენების მიღება და განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათი და გარემოს უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს.
სამტრედიის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობაზე 559 990 ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელებაზე 15 ადგილობრივად მცხოვრებია დასაქმებული.
2014-11-13T18:12:22+00:00