განახლებული ნაგავსაყრელი ლაგოდეხში

განახლებული ნაგავსაყრელი ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა.  ადგილზე არსებული მდგომარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.
ლაგოდეხის ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან 43,3 მ³ ნარჩენი შედის. მისი მთლიანი ფართობი 12 209 მ² შეადგენს. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონზე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა,  დამონტაჟდა განათება, ნარჩენები კი საიზოლაციო ფენით გადაიფარა. გარდა ამისა,  ტერიტორიაზე განთავსდა თიხნარი გრუნტის მარაგიც. კეთილმოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 229 000 ლარით დაფინანსდა. დასაქმდა 26 ადამიანი, მათგან 22 ადგილობრივი მოსახლეა.
ლაგოდეხის ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წლის 14 ივნისს გადაეცა, რომელიც იმ დროისათვის, ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა. ნაგავსაყრელი ოპერირებდა  სტანდარტებთან შეუსაბამოდ,  ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. მისი მოწესრიგების შემდეგ, ადგილზე  სრულად მოიხსნა ანტისანიტარიის პრობლემა.
2014-12-17T18:16:01+00:00