სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

სამტრედიის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ნაგავსაყრელი, რომელიც  სამტრედიის მუნიციპალიტეტთან ერთად ვანის, ხონის და აბაშის მუნიციპალიტეტებს ემსახურება „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“   2013 წლის 10 მაისს გადაეცა. სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, მავნე ზემოქმედებას ახდენდა გარემოზე და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით  განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო პოლიგონზე მისასვლელი გზა, წყალარინების არხები, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია,  განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.
განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნარჩენები სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნე ზემოქმედებას გარემოზე.
პროექტი, რომლის ღირებულება 559 990 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ალფა-ალიანსმა“ განახორციელა. სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის – 20 ადგილობრივი მოსახლე.
2014-12-29T18:21:44+00:00