მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაცია

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაცია

გიორგი შუხოშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორი ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით – 7.3 მლნ. ლარი. დასრულდა 29 პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით – 725 856 ლარი. კომპანიის გამართული საექსპლუატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი).

გასულ წელს ორი რეგიონისთვის (იმერეთი და ქვემო ქართლი) ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტების განხორციელება დაიწყო.

გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ ხორციელდება, რომლის ღირებულება 26 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, სესხისა და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წელს განსაკუთრებული შეთანხმებები გაფორმდა. დასრულებულია პროექტის ორეტაპიანი ტენდერიც.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით კი „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“ ხორციელდება, ჯამური ღირებულებით – 12 მლნ. ევრო. პროექტის ფარგლებში 2014 წელს შერჩეულმა კონსულტანტმა – დანიურმა კომპანიამ COWI-მ საბაზისო კვლევის პროექტი მოამზადა. ამ ეტაპისათვის შემუშავებულია რეგიონის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც.

გასულ წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ჩართულობით შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შეიმუშავა. ის საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვას მოიცავს. ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია საბოლოო რედაქცია. უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვის ოფიციალურად გამოცხადება იგეგმება, რაც პოტენციურ ინვესტორებს შეთავაზებების წარდგენის საშუალებას მისცემს.

2015-02-19T12:28:02+00:00