ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ფოთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში გასული წლის 26 ივნისს გადაეცა.  იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,  ნარჩენების შეტანა კი  არაორგანიზებულად ხდებოდა. ის ვერც ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებდა.  მდინარე რიონი, კი რომელიც ნაგავსაყრელის ტერიტორიას  ესაზღვრება, ჭარბი ატმოსფერული ნალექებისას სწრაფად  დიდდება და წარმოქმნიდა მისი დატბორვის საფრთხეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სამუშაოები პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო.

პროექტის ფარგლებში პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები და მიწის კავალიერები მოეწყო. შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, ნარჩენები  საიზოლაციო ფენით გადაიფარა, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოხდა ობიექტის ელექტრიფიცირება. განხორციელდა პოლიგონის ტერიტორიის გამწვანება – ადგილზე 50 ძირი კვიპაროსის სახეობის ხე დაირგო.  განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად,  ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში განისაზღვრება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 539 700 ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 20 ადგილობრივი.

2015-02-28T12:30:20+00:00