საჩხერის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

საჩხერის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჩხერეში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.

საჩხერის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს 2001 წლიდან; მისი ფართობი შეადგენს 15979.95მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შედის 60 მ³ ნარჩენი საჩხერეს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან.

საჩხერის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 მაისს გადმოეცა. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ შეადგინა 231 699 ლარი. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „მშენებელი“. პროექტით დასაქმებული იყო 9 ადამიანი, აქედან 7 ადგილობრივი მოსახლე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 23 თებერვალს.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2015-05-28T06:46:14+00:00