საინიციატივო შეხვედრა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში

საინიციატივო შეხვედრა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროექტი მოიცავს ქუთაისში, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას.

დღეს, 12:00 საათიდან მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეთა საინიციატივო შეხვედრა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში სასტუმრო Holiday Inn-ში.

შეხვედრას ესწრებიან: ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კონსულტანტი კომპანიების (PEM და ERM), გერმანიის განვითარების ბანკის (KfW), ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენელები. შეხვედრის მონაწილეების მიერ განხილული იქნება პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო აქტივობები.

საკონსულტაციო კომპანია ERM-ი წარმოადგენს განსახორციელებელი სამუშაოების პრეზენტაციას. საკონსულტაციო კომპანია PEM-ი წარმოადგენს ინფორმაციას სტატუს-ქვოს, ტრეინინგების, 4 წლისა და უახლოესი 12 თვის განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიონ კნეში (Marion Kneesch) წარმოადგენს არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.

პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 26 მილიონ ევროს. მათ შორის:
• სესხი – 20 მილიონი ევრო (KfW)
• გრანტი – 2 მილიონი ევრო (სამეზობლო საინვესტიციო ფონდი(NIF))
• ადგილობრივი კონტრიბუცია – 4 მილიონი ევრო.

პროექტის განხორციელების სრული პერიოდი განისაზღვრება ოთხი წლით 2014-2018.

2015-07-07T12:01:37+00:00