თიანეთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

თიანეთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

თიანეთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა, თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატმა– ზაქარია ქუცნაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ლელა ქიტესაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

დაბა თიანეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ის თიანეთისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება.

თიანეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 მაისს გადმოეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: პოლიგონზე ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, რაც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 169 846 ლარი შეადგინა. პროექტი შპს „ლავამ“ განახორციელა და 8 ადამიანი დაასაქმა, რომელთაგან 6 ადგილობრივი მოსახლეა.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2015-10-31T07:28:10+00:00