ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიზესთან ერთად დაათვალიერა.
შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.
ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურება ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდ.ყვირილას მხრიდან მოეწყობა ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.
ზესტაფონის ნაგავსაყრელის ტერიტორია 32 190.00 კვადრატული მეტრია. აღნიშნული პოლიგონი შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წელს გადმოეცა. ამ დროისთვის, ქ.ზესტაფონის ნარჩენს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს.
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა. პროექტს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს.