დღეს, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.
დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1998 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 10 027.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 მ³ ნარჩენი დმანისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.
დმანისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 14 ივნისს გადმოეცა იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.
ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ შეადგინა 161 058 ლარი. პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავა.“ პროექტით დასაქმებული იყო 20 ადამიანი, აქედან 15 ადგილობრივი მოსახლე.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.