ყვარელში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

ყვარელში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ყვარლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელიც 1981 წლიდან ფუნქციონირებდა,  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წელს გადმოეცა.  იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად,  კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,”  ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგა და დახურვის სამუშაოები ჩაატარა.  პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. მოეწყო სამეურნეო ზონა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე.   მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნარჩენების გადამტვირთი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამზიდი სადგურიდან თელავის ნაგავსაყრელზე.

პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავამ“ განახორციელა.

2016-02-06T10:37:25+00:00