ჩოხატაურს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

ჩოხატაურს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

02/18/2016 -ჩოხატაურში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

ნაგავსაყრელი, რომელიც  11 970.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ჩოხატაურისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის შემოღობვა და ელექტროფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასევე დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო წყლისაგან დამცავი ქვანაყარი ბერმა, რაც დაიცავს პოლიგონს წარეცხვისაგან.

ჩოხატაურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წლის 8 მაისს გადაეცა. ამ დროისთვის პოლიგონი სტანდარტებთან შეუსაბამოდ  ოპერირებდა,  ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ  325,179 ლარი შეადგინა.

2016-02-18T08:00:29+00:00