სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

16/03/2016 -გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტეფანწმინდაში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.

სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი   2000 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 21 429.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე  დაახლოებით  554 მ³ ნარჩენი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.

სტეფანწმინდის  მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წლის სექტემბერში გადმოეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად,  ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციითვის, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. ასევე, მდინარე თერგის მხრიდან მოეწყო ნაპირდამცავი ბერმა, რათა  ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ შეადგინა 482 991 ლარი.

2016-03-16T06:59:36+00:00