მუშაობა უსაფრთხო და სუფთა გარემოში

მუშაობა უსაფრთხო და სუფთა გარემოში

4/04/2017 – 2017 წლიდან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (სმნმკ)თავისი 200-ზე მეტი თანამშრომლისთვის იწყებს პროფესიული უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვასა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რათა უკეთ მართოს კომპანიის მფლობელობაში არსებული 50-ზე მეტი ნაგავსაყრელი. პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა (OHS) და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) სრულად შეესაბამება საერთაშორისო (ISO) სტანდარტებს. „ეს არის ჩვენი კომპანიის სტრატეგიის მთავარი ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას და ნაგავსაყრელების მართვას, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად“, – აცხადებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი ბ-ნი გიორგი შუხოშვილი და დასძენს: „ამრიგად, ჩვენ ვემზადებით, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები ვმართოთ რაც შეიძლება უკეთ – ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე“.

დღეს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სმნმკ ოფიციალურად წარმოადგინა კომპანიის პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რითაც ვალდებულება აიღო, რომ ნაგავსაყრელების მართვისას დაიცავს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ზომებს, საერთაშორისო (ISO) სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული პოლიტიკა და ზომები მიზნად ისახავს, როგორც ნაგავსაყრელების თანამშრომლების სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ისე გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. პოლიტიკა შემუშავდა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ქუთაისი“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხით (KfW), ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის გრანტით (EU-NIF) და საქართველოს მთავრობის კონტრიბუციით.

ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილი იყო კომპანიის ნაგავსაყრელის 13 მენეჯერისთვის, დასრულდა OHS/EMS პოლიტიკის გამოცხადებითა და კომპანიის დირექტორის, ბ-ნი გიორგი შუხოშვილის ხელმოწერით. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციები, რომელიც უნდა დანერგონ ნაგავსაყრელის მართვის ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნული ტრენინგი არის ორწლიანი სასწავლო პაკეტის ნაწილი და მოიცავს მთელ კომპანიას – უმაღლესი ხელმძღვანელობიდან, ნაგავსაყრელების რიგით თანამშრომლებამდე.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მიზანია, 2015-2019 წლებში, ევროპული სტანდარტების ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს; აგრეთვე მოქმედი ნაგავსაყრელების (მათ შორის, რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების) დახურვა. ამოქმედების შემდეგ, ნაგავსაყრელი მოემსახურება ორი რეგიონის 16 მუნიციპალიტეტს, ჯამში, დაახლოებით, 700 000 მოქალაქეს.

სასწავლო პაკეტი განკუთვნილია კომპანიის ნაგავსაყრელების მენეჯერებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. OHS/EMS პოლიტიკა და სასწავლო კურსები შეიმუშავეს და ტრენინგები ჩაატარეს პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, „დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტის“ (AMC) კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ PEM Consult-ი (გერმანია) და მისი პარტნიორები: INTECUS (გერმანია) და GAMMA (საქართველო). AMC კომპონენტი მხარს უჭერს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას, შემდეგ სფეროებში ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძელებლობების განვითარების კუთხით: ხარისხის მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური დაგეგმარება, ტექნიკური დაგეგმარება და საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

პროექტი „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ქუთაისი“ ხორციელდება ქართულ-გერმანული ფინანსური თანამშრომლობით: KfW (20 მილიონი ევრო, სესხი), ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის გრანტითაEU-NIFF (2 მილიონი ევრო) და საქართველოს მთავრობა (4 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია). ჯამში ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 26 მილიონ ევროს.

2017-04-04T09:43:03+00:00