9/12/2021 – 8-9 დეკემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან და ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის) ასაშენებელი ადგილმდებარეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი საერთაშორისო კონსულტანტები, ასევე, საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
9 დეკემბერს, ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს საშუალება ჰქონდა მეტი ინფორმაცია მიეღო როგორც დაპროექტების საკითხების, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, დაესვა შეკითხვები, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი და მიეღო პასუხები თავად პროექტის განმახორციელებელი პირებისგან.
სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის განხორციელების პროცესში. აღნიშნული ჩართულობა კომპანიას საშუალებას აძლევს მიიღოს მეტი ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობის შესახებ, აგრეთვე, მოისმინოს და გაითვალისწინოს პროექტის ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება.
ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის, მოწყობილი იქნება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში მოწყობილი ახალი ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემა სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესებას საპროექტო რეგიონებში.
შეგახსენებთ რომ, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის დაინტერესებული მხარეები და მოსახლეობა. კომპანიამ, პროექტის ყველა ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის მიზნით, საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით, ახალი მიდგომა შეიმუშავა – „ინფორმირება – მოწვევა – ჩართულობა“.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან პროგრამის ფარგლებში.