11/03/2022 – წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა გაიმართა.
მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტი შეიქმნა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ბაზაზე, მათ შორის საბოლოო ლოკაციის მახლობლად განლაგებული დასახლებების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მონიტორინგის კომიტეტი ხელს შეუწყობს ნდობის ჩამოყალიბებას და მდგრადი გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას დაინტერესებულ მხარეებს, საზოგადოებასა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის პროექტის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ფაზა, მშენებლობა, ოპერირება, დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა).
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, წყალტუბოს მერიის, ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის მახლობლად მცხოვრები დასახლებების, სამეცნიერო სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, წევრები დეტალურად გაეცნენ მონიტორინგის კომიტეტის ზოგად მიზნებს, კომპეტენციებსა და ამოცანებს. ასევე, წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები მონიტორინგის ფუნქციონირების შესახებ. წევრებს კომპანიამ გააცნო მონიტორინგის კომიტეტის კონცეფცია და შესთავაზა მოსაზრებების/წინადადებების წარმოდგენა, რაც შემდგომში მონიტორინგის კომიტეტის დებულების შემუშავების პროცესში იქნება გათვალისწინებული. კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე დაგეგმილია კომპანიის მიერ აღნიშნული დებულების წარდგენა და კომიტეტის მიერ დამტკიცება.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემის მოწყობა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტი ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით.