ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპონენტის ანგარიშის წარდგენა

ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპონენტის ანგარიშის წარდგენა

31/03/2022 -“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად,  საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს” გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა. კერძოდ, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება, ნარჩენების  გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობა და მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული სისტემა სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ძველ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27,5 მილიონ ევროს (სესხი (KfW): 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF): 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონი ევრო). პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

2015-2021 წლების განმავლობაში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია (PEM CONSULT), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტებს ეხმარებოდა შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • კომპანიის ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა (ფინანსური მენეჯმენტი, ტექნიკური მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ნარჩენების ინვენტარიზაცია და სხვა);
  • მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით;
  • ფინანსური ასპექტების (მათ შორის, ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების მომსახურების საფასურის – Gate fee) ანალიზი;
  • ნარჩენების კომპოსტირების საკითხები;
  • შორს მდებარე დასახლებებიდან ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესების გზების მოძიება;
  • კომპანიაში შრომის უსაფრთოების პოლიტიკის, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების დანერგვა და კომპანიაში დასაქმებულ პირთათვის უსაფრთხო სამუშო გარემოს უზრუნველყოფა;
  • კომპანიისთვის ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების სახელმძღვანელოს შემუშავება (LOM);
  • პროექტის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, PEM CONSULT -ის დახმარებით, ინერგება ნარჩენების მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა (MIS), რომელიც უზრუნველყოფს არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე  შემოსული ნარჩენების რეგისტრაციის პროცესის ტექნიკურ და პროგრამულ განახლებას. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდოს გაუმჯობესებული ყოვლისმომცველი მონაცემები, როგორც ცალკეული ნაგავმზიდების მიერ შემოტანილი ნარჩენების, ისე საერთო და სეზონურად მიღებული ნარჩენის რაოდენობებისა თუ  სახეობის შესახებ.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ასევე წარადგინა განახლებული ინფორმაცია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საპროექტო რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროკავშირის დელეგაციისა და საპროექტო რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ პროექტის განმახორციელებლებთან ერთად განეხილათ პროექტთან დაკავშრებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

2022-03-31T20:59:41+00:00