11/05/2022 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის (MC) მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, წყალტუბოს მერიის, ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის მახლობლად მცხოვრები დასახლებების, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ წარადგინა მონიტორინგის კომიტეტის დებულება, კომიტეტის წევრებმა კი დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები რაც დებულების დამტკიცების პროცესში კომპანიის მიერ იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა და პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები.
შეგახსნებთ რომ, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიისა და საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემის მოწყობა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტი ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27,5 მილიონ ევროს (სესხი (KfW): 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF): 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონი ევრო).