ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი-KfW)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი-KfW)

27/05/2022 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და დიდინეძში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II) – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების გზით. მათ შორის, ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას, არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისი სტანდარტებით დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ევროკავშირის სტანდარტები). პროექტი ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მოწყობას.

ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარემო  და  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.  პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ნარჩენების შესაგროვებელი ახალი აღჭურვილობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის  დასუფთავების სისტემას რეგიონში და გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის  დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II) – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის” საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ორივე რეგიონისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს ჯამში 30 მლნ ევრო სესხსა და 2 მლნ ევრო გრანტს.

2022-05-27T14:07:35+00:00