29/06/2022 – “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტი ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სპეციალური მანქანებითა (74 ერთეული) და კონტეინერებით (12 019 ერთეული) აღიჭურვება; ასევე, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ტექნიკით მომარაგდება.
აღნიშნული აღჭურვილობის შესასყიდად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 5 მილიონ 733 ათასი ევრო გამოიყო.
ტექნიკის შესყიდვის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებსა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” შორის ხელშეკრულებები ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაფორმდა. ხელმოწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავების ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება 2022-23 წლებში ეტაპობრივად უნდა განახორციელონ. ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანებითა და ტექნიკური აღჭურვილობით მუნიციპალიტეტებს ქართული კომპანია GT Group, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებით, ქუჩის ურნებითა და უნიფორმებით კი, ჩეხური კომპანია Elkoplast უზრუნველყოფს.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას; ასევე, არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვასა და მუნიციპალიტეტების მომარაგებას ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით..
ორივე რეგიონისთვის პროექტის ღირებულება შეადგენს ჯამში 30 მლნ ევრო სესხსა და 2 მლნ ევრო გრანტს. პროგრამის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ბერძნულ კომპანია Paseco-სთან და ადგილობრივ კომპანია PMCG-სთან ერთად).